რა არის VRF სისტემა და რა უპირატესობები აქვს მას
დიდ ობიექტებზე ტემპერატურის მართვა თითქმის ყოველთვის გამოწვევებთან არის დაკავშირებული, რადგან ტრადიციული სისტემები შენობის ყველა ნაწილში ერთგვაროვან კლიმატს ვერ ქმნის და თან დიდ ენერგიასაც მოიხმარს. ამ სირთულეებთან გასამკლავებლად შეიქმნა VRF (Variable Refrigerant Flow) ტექნოლოგია.
VRF გათბობა-გაგრილების თანამედროვე ცენტრალიზებული სისტემაა, რომელიც ერთი ან რამდენიმე შიდა და გარე ბლოკების კომპლექტისაგან შედგება და სრული სიზუსტით არეგულირებს მაცივარაგენტის ნაკადს. შედეგად, შენობის სხვადასხვა სივრცეში განსხვავებული ტემპერატურის რეჟიმის გააქტიურება და მისი შენარჩუნებაა შესაძლებელი — ოფისის ერთ ნაწილში გაგრილებას ჩართავთ, მეორეს გაათბობთ.
როგორ მუშაობს VRF სისტემა
VRF სისტემა შემდეგი პრინციპით მუშაობს: გაგრილებისას შიდა ბლოკები შთანთქავენ ოთახის სითბოს და გარე ბლოკის მეშვეობით გარემოში ათავისუფლებენ. გათბობისას კი პირიქით, სისტემას გარე აგრეგატიდან შემოაქვს სითბო და სივრცეში ანაწილებს.
სისტემის მუშაობის მთავარი საფუძველი ინვერტორული კომპრესორი და EXV-ა (ელექტრო მაფართოებელი სარქველი), რომელიც ჩართვა-გამორთვის პრინციპით მომუშავე სისტემებისგან განსხვავებით, მუდმივად არეგულირებს სიმძლავრესა და მაცივარაგენტის რაოდენობას — თუ რომელიმე ზონაში მეტი სიგრილე ან სითბოა საჭირო, კომპრესორი და EXV ავტომატურად ცვლის მუშაობის ინტენსივობას, რაც ტემპერატურის მერყეობას ფაქტობრივად გამორიცხავს. ეს იგივე ტექნოლოგიაა, რომელიც თანამედროვე ინვერტორულ კონდიციონერებში, მაცივრებში და სხვა საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკაში გამოიყენება.
განსაკუთრებულად საინტერესოა ე.წ. სითბოს აღდგენის (Heat Recovery) ფუნქცია. მაგალითად, თუ შენობის ერთ ნაწილს გაგრილება სჭირდება, მეორეს კი — გათბობა, სისტემა გაგრილებისას მიღებულ სითბოს ჰაერში კი არ ფანტავს, არამედ აგროვებს და გადაამისამართებს იქ, სადაც გათბობაა საჭირო. ეს ენერგიის რეცირკულირება ანუ გადამუშავებაა, რომელიც, ტრადიციულ სისტემებთან შედარებით, დანახარჯს 30-40%-მდე ამცირებს.
ამ კომპლექსური პროცესის მართვა მხოლოდ თანამედროვე სენსორული სისტემებითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, Midea V8 სერიის სისტემებში არსებული SuperSense ტექნოლოგია 19-მდე სენსორს აერთიანებს და რეალურ დროში აკონტროლებს მაცივარაგენტის მდგომარეობას. ეს კი სისტემის მაქსიმალური სიზუსტით მუშაობას განაპირობებს.
რა უპირატესობები აქვს გათბობა-გაგრილების მაღალტექნოლოგიურ სისტემას?
ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიური შესაძლებლობების წყალობით, VRF სისტემები განსაკუთრებულად ეფექტურია ისეთი ობიექტებისათვის, როგორებიცაა: სასტუმროები, საოფისე სივრცეები, საცხოვრებელი კომპლექსები, კლინიკები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ინდუსტრიული ნაგებოგები. გათბობა-გაგრილების ამ თანამედროვე სისტემის გავრცელება რამდენიმე მთავარი უპირატესობით აიხსნება.
პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სარგებელი ენერგოეფექტურობაა. დიდი საჰაერო მილების არარსებობის, ინვერტორული კომპრესორისა და სითბოს აღდგენის გამო, როგორც აღინიშნა, VRF სისტემები, სხვა ანალოგებთან შედარებით 30-40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Midea-ს V8 სერიის სისტემებში, META 2.0 ალგორითმი და ლოდინის რეჟიმში ენერგომოხმარების 3.5 ვატამდე შემცირებით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული ზონა ინდივიდუალურად თბება და გრილდება, ობიექტის ყველა ოთახში ის ტემპერატურაა, რომელიც იქ მყოფ ადამიანებს სურთ. ამიტომ მეორე უპირატესობად შეგვიძლია კომფორტის მაღალი დონე დავასახელოთ. არც ამ მიმართულებით დაიშურა Midea-მ ძალისხმევა და Zen Air 2.0 ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც 7 სიჩქარითა და მრავალი უხმო რეჟიმითაა აღჭურვილი. ამიტომ, აღარაფერი დაარღვევს ჰარმონიულ სამუშაო თუ სასწავლო გარემოს.
VRF სისტემის მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ კლიმატურ — მკაცრ და ექსტრემალურად ცხელ — პირობებში. Midea სისტემა, Enhanced Vapor Injection (EVI) კომპრესორისა და მაცივარაგენტით გაგრილების მოწინავე ტექნოლოგიის წყალობით, სტაბილურად მუშაობს გათბობის რეჟიმში -30°C-მდე, ხოლო გაგრილების რეჟიმში 50°C ტემპერატურამდე.
ყველაფერთან ერთად, არქიტექტორებსა და დიზაინერებს VRF სისტემა დიდ თავისუფლებას აძლევს. დიდი ზომისა და მოუხერხებელი საჰაერო მილების ნაცვლად, სისტემაში მცირე დიამეტრის მილები გამოიყენება. ისინი კედლებში და ჭერში მარტივად იმალება. შიდა ბლოკების მრავალფეროვანი არჩევანი, მათ შორის ჭერში ინტეგრირებადი კასეტური კონდიციონერი, ინტერიერის დიზაინის სრულყოფილად შენარჩუნების საშუალებას იძლევა. V8 სერიის სისტემაში ეს თავისუფლება კიდევ უფრო შეუზღუდავია, რადგან მისი მილგაყვანილობის სიგრძე დაახლოებით 1100 მეტრამდე მერყეობს. ეს კი არქიტექტორს საშუალებას აძლევს, გარე ბლოკი შენობის ნაკლებად ღირებულ ან სრულიად შეუმჩნებელ ადგილას განათავსოს.
VRF სისტემის მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება
VRF სისტემის ეფექტურობა პროფესიონალურ მონტაჟსა და შემდგომში გაწეულ ტექნიკურ მომსახურებაზეა დამოკიდებული. იქიდან გამომდინარე, რომ ის გათბობა-გაგრილების მაღალტექნოლოგიური და კომპლექსური სისტემაა, მონტაჟი სპეციალისტის ჩართულობასა და მწარმოებლის მიერ გაწეული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვს.
როგორც წესი, ინსტალაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მილების ქსელის მოწყობას. აუცილებელია მაღალი ხარისხის მილების გამოყენება და ერთმანეთთან სპეციალური ტექნიკით კარგად შედუღება.
მილების მონტაჟის დასრულებისთანავე, ჰერმეტულობის შესამოწმებლად, ქსელი მაღალი წნევით იტესტება. შემდეგ, სისტემიდან სპეციალური ტუმბოს საშუალებით ჰაერი და ტენი გამოიდევნება.
სისტემის მოწყობის შემდეგ, მისი ამოქმედებისა და პროგრამირების ეტაპი დგება. VRF ქსელის თითოეულ კომპონენტს (გარე ბლოკი, შიდა ბლოკი, კონტროლერი) ენიჭება უნიკალური ციფრული მისამართი, რითიც ისინი ერთმანეთს უკავშირდება.
ტრადიციული სისტემები ძირითადად გაყვანილობის მკაცრ სქემას მისდევს, სადაც ბლოკები ერთმანეთს თანმიმდევრულად უნდა უკავშირდებოდეს. ამ მიმართულებით Midea-მ შექმნა ტექნოლოგია სახელწოდებით HyperLink, რომელიც გაყვანილობის მონტაჟის რამდენიმე მეთოდს გულისხმობს — შესაძლებელია ხისებრი (Tree), ვარსკვლავისებრი (Star) ან რგოლური (Ring) დაკავშირება. შენობის არქიტექტურისათვის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტის არჩევა ხდება, ამიტომ არასწორი შეერთებების რისკი მინიმალურია.
სისტემის ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობისათვის, მონტაჟთან ერთად, აუცილებელია რეგულარული ტექნიკური შემოწმებაც. რეკომენდებული სერვისის ჩატარება წელიწადში ორჯერ, სეზონის დაწყებამდე. ეს პროცესი მოიცავს ფილტრების წმენდას, ელექტრო კომპონენტების შემოწმებასა და მილსადენების მდგომარეობის კონტროლს.
ტექნიკურ მომსახურებას ამარტივებს Midea-ს სისტემაში ინტეგრირებული ფუნქციები, მაგალითად, მაცივარაგენტის ავტომატური შევსების რეჟიმი. ამასთან ერთად, თანამედროვე დიაგნოსტიკური ხელსაწყოები პრობლემის სწრაფად ინდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. Midea-ს Doctor M 2.0 სისტემა და Bluetooth მოდული ამის კარგი მაგალითია – ტექნიკოსს შეუძლია სმარტფონით, გარე ბლოკის გახსნის გარეშე მიიღოს სრული ინფორმაცია სისტემის მდგომარეობის შესახებ.
VRF-ი ძალიან ეფექტური და მრავალი უპირატესობის მქონე გათბობა-გაგრილების სისტემაა, თუმცა მისი მონტაჟი განსაკუთრებულ ცოდნას მოითხოვს. Midea Caucasus-ის მრავალწლიანი გამოცდილების ხარჯზე, შეგვიძლია სისტემის პროეტირება და მონტაჟი.